თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის გოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი (UMG) ციფრული მედიცინისა და ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილული იყო სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, ციფრული ტრანსფორმაციის და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების საკითხები. როგორც რექტორმა აღნიშნა: „ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან ვგეგმავთ ბიომედიცინის მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას. ამ გზაზე თქვენი ინსტიტუციის მხარდაჭერა სტრატეგიული მნიშვნელობისაა“.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები, პროფესორები ოტო რიენჰოფი, მარტინ ოპერმანი, იანის ჰაგენაჰი და აგნიეშკა ბიულენსი, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაგეგმეს სემინარები და სამუშაო შეხვედრები.
თანამშრომლობის ახალი ეტაპი მოიცავს:
ციფრული მედიცინისა და მოლეკულური მედიცინის თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას;
სამედიცინო სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციას საერთაშორისო ევროპული აკრედიტაციის შესაბამისად;
ციფრულ ტრანსფორმაციას ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში;
ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის პრაქტიკული გამოყენების დანერგვას მედიცინაში;
ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს, საერთაშორისო საგრანტო შესაძლებლობების მოპოვებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ასევე ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო (PhD) პროგრამების ამოქმედებას.
ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და ქართველ სტუდენტებსა თუ მკვლევრებს მისცემს შესაძლებლობას გამოიყენონ ახალი ევროპული სამეცნიერო პლატფორმები.